პოლიტიკა, ცხოვრების სტილი

ნიკა ქავთარაძის პერსონალური ბლოგი – მოწევა ცუდია და კლავს, მაგრამ ცუდი ხელისუფლებაც კლავს

ნიკა ქავთარაძის პერსონალური ბლოგი - მოწევა ცუდია და კლავს, მაგრამ ცუდი ხელისუფლებაც კლავს

დიდი ხანია დაცემინებისას „ჯანმრთელობას“ და „სიცოცხლეს“ აღარ გვეუბნებიან. „სტოტიში“ და „მილიონი დოლარი“ გახდა მთავარი დალოცვები. ვითომ არაფერი, მაგრამ ამით ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება – ქვეყნის მოსახლეობას სიღარიბე უფრო აწუხებს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სულ არ სჭირდება ამ ყველაფერს „UNICEF”-ის დასკვნა, ისედაც უნდა იცოდეს მთავრობამ ხალხის გასაჭირის მასშტაბი. საუკეთესო ქვეყანა ისაა, სადაც ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა. კარგი ქვეყანა ისაა, სადაც ბაზარი უამრავ შემოთავაზებას გიკეთებს და ცოტას თუ მოინდომებ, რამეს აუცილებლად იპოვი.

მერე კი შენი მონდომებით და შრომისმოყვარეობით მყარად დადგები ფეხზე. აი, საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ყოველდღე გადარჩენისთვის იბრძვის. პროფესიით მუშაობის იმედი არავის აქვს და „რამე სამსახური მაინც იყოს, 400-500 ლარიანი“ თხოვნებში გაჰყავს დღეები, კვირები, თვეeბი და ზოგჯერ წლებიც კი.

თქვენი ხასიათის გაფუჭება არ მქონია მიზნად, უბრალოდ, ზუსტად მინდოდა დაგენახათ, რას ვგრძნობ ახლა, ამ სტატიის წერისას. საქართველოს ნათელი მომავალი (გაბრწყინებულს ვინ დაეძებს) რომ ევროპაში, ნატოში და ზოგადად დასავლეთთან ინტეგრაციაშია, ვიცით. ხანდახან ზოგს ეჭვი ეპარება, მაგრამ თუ დაელაპარაკები, ადვილი დასარწმუნებულია. ამიტომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, რასაც ვუძლებთ, ამ მიზნისკენ სვლით თუ გამართლდება, მაგრამ… მაგრამ ამ ღარიბ ქვეყანაში, როცა ადამიანების კიდევ უფრო გაღარიბებას გეგმავ, ის მაინც ქენი, რომ ევროპას არ დააბრალო – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ სიგარეტის აქციზი გავზარდოთო – გვითხრეს და ჩვენც ჩუმად ბურდღუნ-ბურდღუნით გამოვხატეთ უკმაყოფილება. აბა, ხმამაღლა ხომ არ ვიყვირებდით, ევროპა გვთხოვს. ხოდა, ეგ ევროპა რომ გავაბრაზოთ, მერე რა ვქნათ, რა ვუყოთ ჩვენს მომავალს. მთავრობამაც ამ განწყობით ისარგებლა, ევროპას „დააბრალა“. თან თვითონ რომ კეთილი და მზრუნველი გამოჩენილიყო, ასე აჯობებს ჩვენი ხალხის, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების ჯანმრთელობისთვისო.

„ევროპაში სულ გასახვევ თუთუნს ეწევიან, ეკონომიურიცაა, სუფთაც, თან გეზარება შეხვევა და იმდენსაც არ ეწევი. ჭკვიანი ხალხია ევროპელები,“ – ასეთი დიალოგები ალბათ ბევრჯერ მოგისმენიათ. ასე მოვიტყუეთ თავი და გადავეწყვეთ ცხოვრების „ევროპულ სტილზე“.

ხოდა, ერთ დღესაც, უძველესი ევროპელის ღრმა ნაფასის დარტყმისას გავიგეთ, რომ ახლა თუთუნიც უნდა გავაძვიროთო. კი მაგრამ, რატომ?!- ვიკითხეთ ჩვენ – იმიტომ, რომ ხალხი ჭკვიანი გამოდგა, უკეთესი ალტერნატივა იპოვა, ბიუჯეტში ფულიც არ შემოდის და დიდი შანსია, პრემიებიც ვერ ავიღოთო – ეს იფიქრეს, მაგრამ სხვა სიტყვებით გვიპასუხეს: თუთუნიც ცუდია თქვენი ჯანმრთელობისთვის და ეგეც თუ არ გაგიძვირეთ, რამეს დაუშავებთ თავებსო. ვისაც წარმოსახვის უნარი და ფანტაზია გაქვთ, ადვილად მიხვდებოდით, რამხელა ბოროტება დევს ამ გადაწყვეტილებაში – ადამიანების ჯანმრთელობა მხოლოდ მაშინ აღელვებს მთავრობას, როცა მისი მოსპობა იაფი გვიჯდება. მაგრამ, თუ ჩვენს სიკვდილში ცოტა მეტ ფულს იშოვნიან, მაშინ „რა პრობლემაა?!“. ამას მაშინვე უნდა მივხვედრილიყავით, როცა სიგარეტის მოწევა ყველგან აიკრძალა გარდა კაზინოების და სლოტ-კლუბებისა – ეგენი კარგად იხდიან და დახოცილან თუ უნდათო. ბოლოს მინდა გითხრათ, რომ მოწევა ცუდია და კლავს, მაგრამ ცუდი ხელისუფლებაც კლავს. თან კლავს იმედს, რომ რამე მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.

წყარო: Commersant.ge

Leave a Reply